| |
|
| |
2008 წლის 23-29 ოქტომბერს ბათუმი მესამე საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალს მასპინძლობდა.
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალის ჟიურიმ, პაველ პავლიკოვსკის (დიდი ბრიტანეთი) თავმჯდომარეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა რეზო ესაძე (საქართველო), ზინოვი ზინიკი (დიდი ბრიტანეთი), ცეზარ ჰარასიმოვიჩი (პოლონეთი), და მოჰსენ ამირიუსეფი (ირანი), გასცა პრიზები შემდეგ ნომინაციაში:
გრანდ პრიზი - „ქალები ბევრ რამეს ხედავენ“, მეირა აშერი (ჰოლანდია/ისრაელი, 2007)
საუკეთესო მხატვრული ფილმი - „კლასი“, ილმარ რააგი (ესტონეთი, 2007)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „დურაკოვო: სულელების სოფელი“, ნინო კირთაძე (საფრანგეთი, 2007)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი- იან ფრიჩი ვიესლავ სანიევსკის „მართლმსაჯულების სიდიადე“, (პოლონეთი, 2007)
საუკეთესო მსახიობი ქალი - მონიკა დანილესკუ, კრისტიან ნემესკუს ფილმში „ოცნება კალიფორნიაზე“ (პოლონეთი, 2007)
ასევე კინოფესტივალის დირექციის მიერ გაიცა შემდეგი პრიზები:
BIAFF პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - რეზო ესაძე (საქართველო)
BIAFF პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - ანჟეი ვაიდა (პოლონეთი)
BIAFF დირექციის - გივი სიხარულიძე
BIAFF დირექციის სპეციალური პრიზი - იეჟი ლუბახი (პოლონეთი)
ასევე:
საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი განვითარების მხარდაჭერისთვის - ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტს (პოლონეთი)
|
2009 წლის 22 იანვარს ოფიციალურად დასახელდება ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს ”ოსკარის” ნომინაციებში შერჩეული ფილმები.
საქართველოდან ”სუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციაში მოსახვედრად წელს წარდგენილია რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი ”მედიატორი” ( კინოსტუდია ”სანგუკო”) |
24 სექტემბერს, კინოთეატრ ”რუსთაველში” გაიმართა ზაზა ურუშაძის ახალი მხატვრული ფილმის ”სამი სახლი” დახურული ჩვენება (კინოკომპანია ”დამოუკიდებელი კინოპროექტი”). ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით და სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმის” მონაწილეობით არის გადაღებული. სცენარის ავტორი და რეჟისორია ზაზა ურუშაძე, ოპერატორები - გიორგი შველიძე და გიორგი ბერიძე, მხატვარი - თეა თელია, კომპოზიტორი - გიო ცინცაძე; მონაწილეობენ მსახიობები ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, დავით იაშვილი, თორნიკე ბზიავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, ნინო ქორიძე, ეკა ანდრონიკაშვილი, ნატა მურვანიძე.
ფილმი სამი ნოველისგან შედგება, რომელთა მოქმედება სხვადასხვა ეპოქაში ვითარდება, მაგრამ სამივე სიყვარულზე მოგვითხრობს. |
24 სექტემბერს, კინოთეატრ ”რუსთაველში” გაიმართა ზაზა ურუშაძის ახალი მხატვრული ფილმის ”სამი სახლი” დახურული ჩვენება (კინოკომპანია ”დამოუკიდებელი კინოპროექტი”). ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით და სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმის” მონაწილეობით არის გადაღებული. სცენარის ავტორი და რეჟისორია ზაზა ურუშაძე, ოპერატორები - გიორგი შველიძე და გიორგი ბერიძე, მხატვარი - თეა თელია, კომპოზიტორი - გიო ცინცაძე; მონაწილეობენ მსახიობები ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, დავით იაშვილი, თორნიკე ბზიავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, ნინო ქორიძე, ეკა ანდრონიკაშვილი, ნატა მურვანიძე.
ფილმი სამი ნოველისგან შედგება, რომელთა მოქმედება სხვადასხვა ეპოქაში ვითარდება, მაგრამ სამივე სიყვარულზე მოგვითხრობს.
|
|
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ცხელ დღეებში საქართველოში კინოსთვის არავის არ სცხელოდა, ვენეციის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მაინც არ ჩაუვლია საქართველოს გარეშე. ფილმმა ”ქაღალდის ჯარისკაცმა” (რეჟისორი ალექსეი გერმანი-უმც.), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს, ჩულპან ხამატოვასთან ერთად, მერაბ ნინიძე ასრულებს, ფესტივალის ორი პრიზი დაიმსახურა: ”ვერცხლის ლომი” - საუკეთესო რეჟისურისათვის და ”ოზელა” - საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის (ოპერატორები მაქსიმ დროზდოვი და ალიშერ ხამიდჰოჯაევი).
ფილმი აგვიწერს ექიმ დანიილ პოკროვსკის (სწორედ ამ როლს ასრულებს მერაბ ნინიძე) ცხოვრების 6 კვირას. იგი 1961 წლის ბაიკანურში მსახურობს და კოსმონავტების პირველ ჯგუფს ამზადებს კოსმოსში გასაფრენად, თუმცა ისტორია გამოგონილია და არც ცდილობს რეალურ ფაქტების რეკონსტუქციას, ასე რომ ვერავითარ იური გაგარინს აქ ვერ შევხვდებით.
როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც ჟიურის არჩევანმა გაოცება გამოიწვია - მან ყურადღების გარეშე დატოვა ფესტივალის ყველა ის ფილმი, რომელიც რეიტინგებში ლიდერობდა. როგორც პრესა აღნიშნავს, ჯილდო მოულოდნელი აღმოჩნდა შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც, რომელიც უკვე გამოსაფრენად ემზადებოდა და მხოლოდ დირექციის ქარაგმული რჩევის შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება.
კიდევ ერთი ქართული მონაწილეობა ვენეციის ფესტივალზე - სექცია ”ჰორიზონტებში” ნაჩვენები იყო მიშა კალატოზიშვილის (დიდი მიხეილ კალატოზიშვილის შვილიშვილი, რომელიც ამჟამად რუსეთში მუშაობს) ფილმი ”უდაბური ველი” (”დიკოე პოლე”). |

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე (27 აგვისტოდან-6 სექტემბერი) რუსეთი პროგამაში ”ჰორიზონტები” წარადგენს ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის რუსულ ფილმს ”უდაბური ველი” (”Dikoe pole").
მიხეილ კალატოზიშვილი ”კინოტავრზე” |
გამოვიდა ”კინო-ცხელი შოკოლადის” მეშვიდე ნომერი. ამიერიდან ჟურნალი ყოველთვიური გახდება. მაგრამ ამის სანაცვლოდ ის საგრძნობლად ”დათხელდა” და ამასთან მშობლიური ჟურნალის წიაღს დაუბრუნდა ჩანართის სახით.
|
დასახელდა რუსეთის კინოაკადემიის ყოველწლიური პრემიის ”ნიკა” ლაურეატები. ყველაზე უხვი მოსავალი მოაგროვა სერგეი ბოდროვის ფილმმა ”მონღოლი”: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, ოპერატორის, ხმის რეჟისორის, მხატვრის და კოსტიუმების მხატვრის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ”მონღოლის” მთავარი კონკურენტის - ფილმი ”12”-ის ავტორმა, ნიკიტა მიხალკოვმა დიდსულოვნად უარი თქვა წარედგინა თავისი ფილმი "საუკეთესო ფილმის"და "საუკეთესო რეჟისურის" ნომინაციაში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ”ვერცხლის პრომეთეს” მფლობელმა ფილმმა ”მარტივი საგნები” (რეჟ.ალექსეი პოპოგრებსკი) სამი ”ნიკა” დაიმსახურა: საუკეთესო სცენარისათვის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის (ლეონიდ ბრონევოი) და წლის აღმოჩენისათვის (სერგეი პუსკეპალისი).
”ნიკა” დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმისთვის წილად ხვდა ალეკო ცაბაძის ფილმს ”რუსული სამკუთხედი”.
”ნიკას” პრემიის ლაურეტი ნომინაციაში ”პატივი და ღირსება” გახდა გიორგი დანელია.
პრემიების გადაცემის ოცდამეერთე საზეიმო ცერემონიალი 24 მარტს შედგება. |
2008 წლის 2 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, მთელი ქართველი საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანი სოფიკო ჭიაურელი.
|
27 იანვარს დაიხურა სანდენსის კინოფესტივალი და გამოცხადდა პრიზები. მთავარი კონკურსის პარალელურად მეოთხე წელია ტარდება მსოფლიო კინოს კონკურსი, ხოლო პირველად ამ კონკურსში გაიცა იგივე პრიზები, რაც ამერიკული ფილმებისთვის.
მსოფლიო კინოს ჟიურიმ დოკუმენტური კინოს განხრით პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიანიჭა ნინო კირთაძეს ფილმისთვის ”დურაკოვო” (საფრანგეთი) |
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”ჩამოფასებულები” (Second Hand Sale) (რეჟისორი თემურ ბუტიკაშვილი) მიწვეულია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც საკონკურსო პროგრამისთვის შეირჩა. |
დოკუმენტალისტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის განცხადებას:
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი 2008 წლის აპრილის მეორე ნახევარში ატარებს ქართული დოკუმენტური კინოს ფესტივალს.
საკონკურსოდ მიიღება 2000-2007 წლებში გადაღებული ნებისმიერი მეტრაჟის დოკუმენტური ფილმი. სატელევიზიო გადაცემები და რეპორტაჟები არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ შესარჩევ ეტაპზე ფილმები წარმოადგინონ DVD ფორმატით ა. წ. 1 მარტამდე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით კავშირში.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2, IV სართული, ტელ.: 93-50-97, 99-60-13 |
2008 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი კინომსახიობი გურამ ლორთქიფანიძე. (”არაჩვეულებრივი გამოფენა”, ”პირველი მერცხალი”,”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ”რაჭა, ჩემი სიყვარული”, ”სინემა” და სხვა) |
კინოსტუდია ”სანგუკომ” წარმოებაში ახალი პროექტი ჩაუშვა: დიტო ცინცაძე აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით ახალ ფილმს იღებს. სიუჟეტის მიხედვით ფილმი დეტექტივია - საქართველოში სტუმრად ჩამოსულ უცხოელ ჟურნალისტს გაურკვეველ ვითარებაში კლავენ. მკვლელობა თეატრალური წარმოდგენის მსვლელობაში ხდება და უამრავი მოწმე ჰყავს, თუმცა
ეს საიდუმლოების ამოხსნას სულაც არ აადვილებს. ფილმის გადაღება თბილისში მიმდინარეობს. დაგეგმილია გადაღებები გერმანიაშიც.
მასში დაკავებული არიან მსახიობები მერაბ ნინიძე, ნუცა კუხიანიძე, გიორგი ნაკაშიძე, მარიკა გიორგობინი, დათო იაშვილი, ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი, ნატო მურვანიძე, ზაზა კოლელიშვილი.
ფილმში მონაწილეობენ უცხოელი მსახიობებიც: რუსები დინა კორზუნი და ვიქტორია ისაკოვა, გერმანელი ბურქჰარდ კლაუსნერი (”კაცი საელჩოდან”), ბრიტანელი იუენ ბრემნერი (”მატჩ პოინტი”, ”დიდი ფსონი”, ”პერლ ჰარბორი”, ”სიკვდილი დაკრძალვისას”) - სწორედ ის გვევლინება უცხოელი ჟურნალისტის როლში. იგეგმება ჰოლივუდელი მსახიობის მონაწილეობაც, თუმცა კონკრეტულად ვისი, ჯერჯერობით საიდუმლოა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლა დამდეგი გაზაფხულისთვის იგეგმება.
|

8 დეკემბერს კინოთეატრ ”რუსთაველში” საზეიმოდ დაიხურა თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი.
ფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს პრომეთე” და ფულადი ჯილდო 7000$ ოდენობით ჟიურის გადაწყვეტილებით ერგო პოლონურ ფილმს ”ოინები” (რეჟ. ანჯეი იაკიმოვსკი). მანვე დაიმსახურა ფონდ ”თბილისი და ფარაჯანოვის” მიერ დაარსებული ფარაჯანოვის პრიზი - მომინანქრებული ბროწეული ” გამორჩეული პოეტური ხედვისთვის კინოში”.
”ვერცხლის პრომეთე” და ასევე ფულადი ჯილდო - 5000$ გადაეცა ალექსეი პოპოგრებსკის ფილმისთვის ”მარტივი საგნები” (რუსეთი).
ფიპრესის ჟიურის სიმპათია დაიმსახურა დევიდ ვოლახის ფილმმა ”მამაჩემი - ჩემი ღმერთი” (ისრაელი).
ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნა 2006 წლის კანის ფესტივალის "ოქროს პალმის რტოს" მფლობელი ფილმი ”ქარი ამოვარდება” (რეჟ.კენ ლოუჩი. The Wind That Shakes the Barley ).
თუმცა საფესტივალო პროგრამა ამით არ ამოწურულა. ფესტივალი კვირასაც განაგრძობს სხვადასხვა არასაკონკურსო პროგრამების ფილმების ჩვენებას. |

4 დეკემბერს კინოთეატრ ”რუსთაველში” 2006 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზის მფლობელის ბრუნო დიუმონის ფილმით ”ფლანდრია” გაიხსნა თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი.
დაწვრილებით ფესტივალის შესახებ www.tbilisifilmfestival.com
|
2007 წლის 16 ნოემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი. 20 ნოემბერს იგი სამთავროს მონასტერში დაკრძალეს. |
| ხმელთაშუა ზღვის აუზის 29 -ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მონპელიეში (2007 წლის 26 ოქტომბერი-4 ნოემბერი) ვანო ბურდულის ფილმმა ”გრაფიტი” მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში გრან პრი და 4 000 ევრო დაიმსახურა. |
26 სექტემბერს კინოთეატრ ”ამირანში” გაიხსნა მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი ”ზოლოტოი ვიტიაზის”-ის ექო საქართველოში”. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულია სოლიდური დელეგაცია რუსეთიდან ნიკოლაი ბურლიაევის, ლიდია ფედოსეევა-შუკშინას, ინგა შატოვას, ლარისა გუზეევას, ანატოლი კუზნეცოვის, დიმიტრი ზოლოტუხინის, ვლადიმერ მენშოვის, პაველ პავლოვის შემადგენლობით. გახსნაზე ნაჩვენები იყო ნიკიტა მიხალკოვის ფილმი ”12”, რომელმაც ახლახანს დახურულ ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები: მაგდალენა პეკოჟის ”ნაიარევი”, პაველ პავლოვის ”ბარსუკი”, ნიკოლოზ ბურლიაევის ”ყველაფერი წინ არის”, აკი კაურისმიაკის ”შუქი ქალაქის გარეუბანში”, სერგეი პოტიომკინის ”უმზეო ქალაქი”, პაველ ლუნგინის ”კუნძული”, ვერა გლაგოლევას ”ეშმაკის ბორბალი”, სინიშა კოვაჩევიშის ”ჩემი ძმის შვილები”, სერჟიუ ნიკოლაესკუს ”ღმოსავლეთის ექსპრესი” და მელ გიბსონის ”აპოკალიფსი”.
ფილმებზე დასწრება თავისუფალია. |
16-25 სექტემბერს ქ.ანაპაში ჩატარდა დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების მე-16 ღია ფეატივალი ”კინოშოკი”. საქართველო მასზე სოლიდური პროგრამით იყო წარმოდგენილი: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში - ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედი”, კონკურსში ”კინო კინოფირის გარეშე” – გიო მგელაძის ”ჩემი თვითმფრინავი” და ილო ღლონტის ”ხუთი ვარიაცია”, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ”შორტ-შოკი” – დავით აფხაიძის ”ის არის” და თეიმურაზ ჩიხლაძის ”ვეფხისტყაოსანი ანუ კავკასიური მარყუჟი”. ”შორტ-შოკის” არასაკონკურსო ნაწილში ნაჩვენები იყო ლევან ადამიას ”კომენდანტის საათი”.
ფესტივალის მთავარი საკონკურსო ჟიურის წევრი იყო კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში მთავარ პრიზისთვის ბრძოლაში ძირითად კანდიდატებად მურად იბრაგიმბეკოვის ”სამი ქალიშვილი” (აზერბაიჯანი-რუსეთი), ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედი”, კადრი კიუსაარის ”მაგნუსი” (ესტონეთი) და ლარისა სადილოვას ”არაფერი პირადი” (რუსეთი) სახელდებოდა, იგი ლიტველი რეჟისორის ალგიმანტას პუიპას ფილმს ”ცოდვის შელოცვა”გადაეცა. ქართულ პროგრამას მხოლოდ ერთი დიპლომი ერგო - ილო ღლონტის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის ”ხუთი ვარიაცია” (კონკურსი ”კინო კინოფირის გარეშე”). |

6-12 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა საავტორო კინოს მე-2 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პრეზიდენტია ლანა ღოღობერიძე. ფესტივალი ორ საკონკუროს პროგრამას მოიცავდა სრულმეტრაჟიანი და დოკუმეტური ფილმების. ფეატივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ანჟეი ვაიდას რეტროსპქტივა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. საერთაშორისო ჟიურიმ გიორგი გვახარიას (საქართველო), ქრისტოფერ კამიშევის (აშშ), სერგეი ლავრენტიევის (რუსეთი), პასკალ ობიე ს(საფრანგეთი), სერგეი ტრინბაჩის (უკრაინა) და ნანა ჯანელიძეს (საქართველო) შემადგენლობით ფეატივალის მთავარი პრიზი ”ოქროს ზღვის ცხენი” საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის მიანიჭა შვეიცარელი რეჟისორის ანდრეა სტაკას ფილმს ”პატარძალი”, ”ვერცხლის ზღვის ცხენი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის - სემენცოვა-ოგიევსკაიას და ბორის შეინინის ნამუშევარს ”პიკასო დამიძახეთ”. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური პრიზი ”განსაკუთრებული წვლილისთვის მსოფლიო კინემატოგრაფში” გადაეცა ქშიშტოფ ზანუსის.
|
5-10 სექტემბერს ბაქოში ჩატარდა IX საერთაშორისო კინოფესტივალი ”აღმოსავლეთი -დასავლეთი”. როგორც წესი, მასში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის ფილმები, რომლებიც წარმატებით იქნა დემონსტრირებული სხვადასხვა საფესტივალო ეკრანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი არ ითვლება საკონკურსოდ, მის დასასრულს მაინც გაიცემა პრიზები. წელს ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იყო ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედით” (კონკურსი) და მცირე რეტროსპექტივით, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იყო ელდარ შენგელაიას ”არაჩვეულებრივი გამოფენა”, გიორგი შენგელაიას ”მიდიოდა მატარებელი” და გიორგი ხაინდრავას ”ოცნებების სასაფლაო”. სწორედ ამ უკანასკნელში შესრულებული როლისთვის გადაეცა მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს პრემია ნომინაციაში ”ყველაზე ვაჟკაცური სახე”. ფილმის რეჟისორს გადაეცა სპეციალური პრემია. |
მოსკოვის XXIX საერთაშორისო კინოფესტივალ ალეკო ცაბაძის ფილმმა ”რუსული სამკითხედი” ჟიურის სპეციალური პრიზი დამსახურა. |
21 ივნისს გაიხსნა მოსკოვის XXIX საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის გახსნა მიეძღვნა მიხეილ კალატოზოვის სახელგანთქმული ფილმის ”მიფრინავენ წეროები” ორმოცდაათი წლის იუბილეს. ეს ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელმაც შესძლო კანის ”ოქროს პალმის რტოს” მოპოვება (1958 წ.). მსახიობებს ტატიანა სამოილოვასა და ალექსეი ბატალოვს ფესტივალის პირველი ჯილდო ”მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის” ფესტივალის სტუმარმა, ამავე პრიზის ორგზის მფლობელმა ემირ კუსტურიცამ გადასცა.
ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილია ალეკო ცაბაძის ფილმით ”რუსული სამკუთხედი”. კიდევ ერთი ქართველი იღებს მონაწილეობას მოსკოვის ფესტივალში, დიტო ცინცაძე იტალიელ მსახიობ ანა გალიენასთან, უნგრელ რეჟისორ ილდიკო ენედისთან, რეჟისორ-სცენარისტ, ფოტოგრაფ და ტელეწამყვან ოთმან ქარიმთან (შვედეთი), რუს მსახიობ, რეჟისორ და სცენარისტ რენატა ლიტვინოვასა და ამერიკელ პროდიუსერ ფრედ როსთან ერთად შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს. ჟიურის თავმჯდომარეობს ავსტრალიელი რეჟისორი ფრედ სკეპსი. |
”ამ შავიზღვისპირა კავკასიური რესპუბლიკის კინო უკვე საბჭოთა დროში გამოირჩეოდა სილაღით სიუჟეტის აგებასა თუ ფანტაზირებაში, რომლის დათრგუნვა სოციალისტურმა დოქტრინამაც ვერ მოახერხა. ფესვებით ჩაზრდილნი მშობლიური ქვეყნის ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში რეჟისორები თენგიზ აბულაძე, სერგეი ფარაჯანოვი, ელდარ და გიორგი შენგელაიები ჯიუტად ქმნიდნენ ქარაგმებით და პოეზიით აღსავსე ფილმებს. ჩვენი მცირე არჩევანი საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც გავეცნოთ ამ საოცრად მდიდარ კინოხელოვნებას” - ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული ქართული ფილმების პროგრამას ”ფილმები საქართველოდან”, რომელიც ციურიჰის კინოთეატრ ”ფილმპოდიუმში” გაიხსნა 16 მაისს და ივნისის ბოლომდე გასტანს. განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენება მაყურებელი გაეცნობა კოტე მიქაბერიძის ”ჩემ ბებიას”, ნიკოლოზ შენგელაიას ”26 კომისარს”, თენგიზ აბულაძის ”ვედრებას”, ელდარ შენგელაიას ”არაჩვეულებრივ გამოფენას” და ”ცისფერ მთებს”, გიორგი შენგელაიას ”ფიროსმანს”, მიშა კობახიძის ”მუსიკოსებს”, გიორგი დანელიას ”არ დაიდარდოს”, ირაკლი კვირიკაძის ”ქვევრს”, ლანა ღოღობერიძის ”რამდენიმე ინტერვიუს პირად საკითხებზე”, ნანა ჯორჯაძის ”რობინზონიადას”, ალეკო ცაბაძის ”ღამის ცეკვას”, დიტო ცინცაძის ”კაცს საელჩოდან”, სერგო ფარაჯანოვის ”არაბესკებს ფიროსმანის თემაზე” და ”ლეგენდას სურამის ციხეზე”, ოთარ იოსელიანის ”იყო შაშვ მგალობელს”, ”პასტორალს” და ”შემოდგომის ბაღებს”. სწორედ ამ უკანასკნელით გაიხსნა პროგრამა. ჩვენებას თავად იოსელიანიც ესწრებოდა. (2007წ.) |
არგენტინაში, მარ დელ პლატას 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ორი ქართველი რეჟისორის ფილმი მონაწილეობდა: ოთარ იოსელიანის ”შემოდგომის ბაღები” და დიტო ცინცაძის ”კაცი საელჩოდან”. ოთარ იოსელიანის ფილმი აღინიშნა ჟიურის სპეციალური პრიზით, ხოლო დიტო ცინცაძის ფილმმა მოიპოვა პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (სცენარის ავტორები - ზაზა რუსაძე, დიტო ცინცაძე) და არგენტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი. (2007 წ)
|
|
|
|